უნგრეთს ძალა შესწევს, უარი თქვას ევროკავშირის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტსა და სხვადასხვა ტიპის დახმარებაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ უნგრეთი პანდემიით გამოწვეული კრიზისისთვის კარგად არის მომზადებული, აქვს საკმარისი მარაგი და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე, მაგალითად, იტალია, საფრანგეთი და ბელგია.
უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის დახმარების პაკეტის მიღებაზე უარის თქმას აპირებენ, რითაც დასავლეთის პოლიტიკოსები და ევროკავშირის წარმომადგენლები ძალიან გააკვირვეს. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილების გამო, უნგრეთი და პოლონეთი უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე სხვა ქვეყნები.
ორი ქვეყნის 2020 წლისთვის დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის მონაცემების ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნების იმავე მაჩვენებლებთან შედარება აჩვენებს, რომ უნგრეთი და პოლონეთი უკეთეს მდგომარეობაში არიან.
უნგრეთმა უცხოურ ვალუტის კარგი მარაგიც შექმნა და ევროკავსირის ბიუჯეტზე ვეტოს დადებამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო ბაზარზე 2,5 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ვარდნის პირობებშიც კი უნგრეთის ბიუჯეტი საკმაოდ სტაბილურია. როგორც ექსპერტი ატილა ვეინჰარდტი აღნიშნავს, არ არსებობს საფრთხე, რომელიც უნგრეთის მთავრობას პოზიციის შეცვლას აიძულებს.
„საბოლოო ჯამში, ვერ ვხედავ იმ ბერკეტებს, რომლებითაც ევროკავშირს შეუძლია უნგრეთი აიძულოს, ხელი ისეთ ხელშეკრულებას მოაწეროს, რომლის გაფორმებაც მას არ სურს,“ – განაცხადა ატილა ვეინჰარდტმა “ევრონიუსთან” საუბარში.
მოცმეულ ეტაპზე ერთადერთი უარყოფითი მაჩვენებლი ევროს, დოლარსა და ოქროსთან მიმართებაში უნგრული ვალუტის, ფორინტის გაუფასურებაა. თუმცა ეს ვარდნა ვეტომ კი არ გამოიწვია, არამედ უნგრეთში დოლარის კურსის ხანმოკლე გამყარებამ. ვალუტის კურსის ჯიხურის მფლობელის თქმით, ფორინტი ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
„1 ევროს ყიდვა 355 ფორინტით იყო შესაძლებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ძალიან მაღალი ფასია. ხალხი დოლარსა და ევროს უფრო ხშირად ყიდულობს, რამაც ამ ვალუტის მცირე გამყარება გამოიწვია. ჩვენი მარაგი შემცირდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა,“ – განმარტა დავიდ აბლონციმ.
დასავლეთში ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ვიქტორ ორბანის განცხადება საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეში უნგრეთს თანხები ისევე ესაჭიროება, როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს. მაგრამ უნგრეთის მთავრობა მზად არის ეკონომიკური შედეგებისთვის, რომლებიც შესაძლებელია მის ვეტოს მოჰყვეს. ხალხი ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ ღელავს.