მთავარი მსოფლიო ბრიტანეთში მოზარდებს კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას ჩაუტარებენ

ბრიტანეთში მოზარდებს კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას ჩაუტარებენ

ლივერპულში მოსწავლეები მთავრობის ექსპერიმენტში მონაწილეობენ – მათ კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება უტარდებათ.

“ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე იდეაა. თუ ეს ხალხს დაიცავს, დასაკარგი არაფერია, ასე არ არის? დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთს კარგავ. იგი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი ლივერპულში, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა”,-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

ჯარისკაცები მთელ ქალაქში არიან მიმოფანტული – სწორედ მათ შემოაქვთ ქალაქში ტესტები.

მთავრობის სქემის პირველ ეტაპს ლივერპულში მცხოვრებნი მხარს უჭერენ.

კითხვაზე, რას ეტყვით იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს უშედეგო მცდელობაა, მოსახლეობა შემდეგნაირად პასუხობს:

„ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. მე ახლახან დავკარგე გოგონა, რომელსაც კორონავირუსი სჭირდა. ასე რომ, ვინც ასე ფიქრობს, ყველა იდიოტია.”

„მე აქ ვარ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. თუმცა მსურს, ჩავიტარო ტესტი.“

ლივერპულის საკრებულო მიიჩნევს, რომ მერსისაიდის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ხელს შეუწყობს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას. თუმცა არიან მეცნიერები, რომლთა მოსაზრებით მასობრივი ტესტირების ეფექტურობა კლინიკურად არ არის დადასტურებული. ისინი თვლიან, რომ ტესტებმა შეიძლება მცდარი ან უარყოფითი შედეგი მოგვცეს.

„ეს ყოველივე ძალიან არეული და დაუგეგმავია.  ყველაფერს კი ის აუარესებს, რომ რთული იქნება ამ გაურკვევლობიდან თავის დაღწევა“,  – ამბობს პროფესორი მაიკ ჯილი.

პროფესორი მაიკ ჯილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყოფილი დირექტორია. სხვა მეცნიერებთან ერთად, ისიც ეჭვის თვალით უყურებს მასობრივი ტესტირების პროგრამას:

„გასაგები მიზეზების გამო, ყველა პროპაგანდის ხაფანგში გაება. ჩვენ არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს გეგმა, ან რამდენად მოგვიტანს სასურველ შედეგებს. ისიც რთულია, გაიზომოს, რამდენად მოგვცემს ტესტირება ეფექტს. სამი ან ოთხი კვირის შემდეგ, შესაძლოა ეპიდსიტუაცია არც კი გამოსწორდეს. არ ვიცით, რა იქნება მასობრივი ტესტირების დამატებით სარგებელი ან ზიანი.“

“ევრონიუსმა” აზრის პოლიტიკოს პოლ ბრანტის მოსაზრებაც მოისმინა, რომელიც პასუხისმგებელია ლივერპულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე.

„მასობრივი ტესტირება შესაძლებლობას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ კორონავირუსის ინფექციის კერები. ჩვენ ყველა ვცდილობთ, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური გზა, იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელება საზოგადოებაში და, ამასთანავე, თავიდან ავიცილოთ არასაჭირო რისკები“ – განუცხადა „ევრონიუსს“ პოლ ბრანტმა.

სწრაფი ტესტების სანდოობაში ბევრს ეჭვი ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ იგი კოვიდ-19-ის გავრცელებას უშლის ხელს, მისი შედეგი ყოველთვის ზუსტი არაა.

უახლესი

სხვა ამბები