მთავარიარჩევნები 2020საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოში სოციალური ქსელის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არჩევნებია. არჩევნების დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ცრუ ან არასრული ინფორმაცია გავრცელდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პორტალმა „მითების დეტექტორმა“ ფეისბუკთან ერთად იმუშავა.

ერთ-ერთი ცრუ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეეხებოდა.
1 ნოემბერს ფეისბუკგვერდმა “კარდჰუმ“ გააზიარა კელი დეგნანის კომენტარი მის ფოტოსთან ერთად. სტატუსის თანახმად, ელჩმა დეგნანმა შემდეგი სიტყვები განაცხადა: “არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და მისი შედეგები ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს”.

გავრცელებული კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ამერიკის ელჩს არჩევნები არ შეუფასებია. არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, მან მოუწოდა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს, პატივი ეცათ ბიულეტენების დათვლის პროცესისთვის და მშვიდად მიეღოთ ოფიციალური შედეგები, რათა თვალსაჩინო ყოფილიყო, რომ არჩევნები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ელჩ კელი დეგნანის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს, არჩევნების დამთავრებამდე, გაავრცელა. განცხადება საარჩევნო პროცესს შეეხებოდა და არა მის შედეგებს.

ელჩი ყურადღებას ამახვილებდა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასებაზე, კერძოდ, ეუთო/ოდირის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე. საერთაშორისო შეფასება არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება.

ფეისბუკგვერდი „კარდჰუ“, პორტალ „მითების დეტექტორის“ ცნობით, 2017 წელს შეიქმნა. ის ხშირ შემთხვევაში სიძულვილის შემცველ ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ.

ამჟამად მის გვერდზე კელი დეგნანთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend