მილიონობით ამერიკელმა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 3 ნოემბრის მოახლოებასთან ერთად აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო მძაფრდება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, ვისკონსინისა და ნებრასკას შტატებში ვიზიტი სულ რაღაც ერთ დღეში მოასწრო. მისი მეტოქე ჯო ბაიდენი კი ჯორჯიას შტატს ესტუმრა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია რესპუბლიკური შტატია, დემოგრაფიულმა ცვლილებებმა და ახალგზარდა ამომრჩეველის სიმრავლემ, შესაძლოა, სტატისტიკა შეცვალოს.
გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუმცა ეს ფაქტი ტრამპს არ აწუხებს.
“მაგრამ იცით, როგორია გამოკითხვის შედეგები? – იგი ვერ გაიმარჯვებს! ახლა, ჯერჯერობით, ყველგან ჩვენ ვართ პირველები. ნამდვილად ასეა! მე თავდაუზოგავად ვშრომობ გამარჯვებისთვის!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ ვირჩევთ იმედს და არა შიშს! ერთიანობას და არა დაყოფას, მეცნიერებას და არა ფანტასტიკას. და დიახ, ჩვენ სიმართლეს ტყუილს ვამჯობინებთ. ხალხო, დროა დავიბრუნოთ ჩვენი დემოკრატია!“ – განაცხადა ჯორჯიის შტატში ყრილობაზე ჯო ბაიდენმა.
ამ დროისთვის 70 მილიონმა ამერიკელმა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ბევრი ერიდება გადაჭედილ საარჩევნო უბნებსა და ხმას წინასწარ, ფოსტის საშუალებით აძლევს. მათი რაოდენობა ბევრად აჭარბებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ მონაწილეთა რიცხვს, რომელიც 58 მილიონს შეადგენდა.