მთავარიკულტურაორი ალბომით გაცოცხლებული სახეები პირველი რესპუბლიკის არქივიდან

ორი ალბომით გაცოცხლებული სახეები პირველი რესპუბლიკის არქივიდან

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის  100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ორი ალბომი გამოიცა: ერთი თბილისის პირველი მერის ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის, მეორე კი პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის  ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებას ასახავს.

ალბომებში,  რომლებიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად გამოსცა, თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული როგორც ნაცნობი, ისე დღემდე უცნობი დოკუმენტური წყაროები და ფოტომასალა. მაგალითად, წარმოდგენილია ამონარიდის დედაქალაქის პირველი მერის ბენიამინ ჩხიკვიშვილის 1919 წლის მიმართვიდან:

,,ქალაქში უკვე იყო ხოლერის შემთხვევა. უკვე სიცხე იწყება და შეიძლება ხოლერის ეპიდემიამაც იფეთქოს, იცოდეთ, რომ ეხლანდელ პირობებში, საუკეთესო საშუალება ხოლერის წინააღმდეგ არის აცრა. ვაკცინაციები დამზადებულია ქალაქთა კავშირისა და სამხედრო მედიცინის ლაბორატორიაში და გადასინჯულია სპეციალური კომისიის მიერ. ეს აცრა უვნებელი და უმტკივნეულოა. მოქალაქენო! აიცარით ხოლერა, ურჩიეთ აცრა თქვენს ნაცნობებსაც, ამით თქვენ დაიფარავთ თქვენ თავსაც და ახლობლებსაც საშინელი ავადმყოფობისაგან.”

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა კრებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს პუბლიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდის ისტორიის შესასწავლად. პუბლიკაციები ნამდვილად ფასეულ მასალას მიაწვდის დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ კარგად გაეცნონ როგორც პირველი რესპუბლიკის ისტორიას, ასევე ამ ადამიანების შემოქმედებასა და მოღვაწეობას,“- ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში  საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე ცხოვრობდა,  მისი მემორიალური დაფაც გაიხსნა.   „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის, განმარტებით, კრებულში დღემდე  უცნობი ამბებია თავმოყრილი:

„70 წლის განმავლობაში კომუნისტური ისტორიოგრაფია ამ ადამიანების ღვაწლის შესახებ არაფერს ამბობდა. მხოლოდ უარყოფითად საუბრობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობაზე. ხოლო 90-იანი წლების შემდეგ მოგვეცა საშუალება, რომ გვენახა არქივები, რომლებიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.“

ალბომებში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული 70-მდე დოკუმენტი და ფოტომასალა. ამ არქივებში აღმოჩნდა დაცული ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანებაც, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა. ბენია ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიასა და გურიის აჯანყებაზე ალბომის ავტორმა ირაკლი მახარაძემ იმუშავა. მკვლევარი თვლის, რომ გურიის 1905 წლის რესპუბლიკამ საქართველოს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.

„ძალიან დაინტერესებული ვიყავი გურიის რესპუბლიკით, რომლის პრეზიდენტი იყო ბენია ჩხიკვიშვილი, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო,  ჩვენ ძალიან ცოტა მასალა გვაქვს მის შესახებ. იგი ხომ რუსეთის სახელმწიფოსა და საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი პირველი მტერი იყო,“ – ამბობს ირაკლი მახარაძე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend