მთავარიგადაცემებიCinemaპანდემიამ ლუმიერების კინოფესტივალი ვერ შეაფერხა

პანდემიამ ლუმიერების კინოფესტივალი ვერ შეაფერხა

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

პანდემიის მიუხედავად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ძმებ ლუმიერების ტრადიციული კინოფესტივალი  მაინც ჩატარდა.  მთავარი ჯილდო კონორეჟოსორების ბელგიურ დუეტს, ძმებ დარდენებს, გადაეცათ. გასულ წელს ეს ჯილდო ფრენსის ფორდ კოპოლას მიენიჭა.

მსახიობი ემილი დექუენე, რომელიც ძმებმა 1999 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით, „როზეტათი“, აღმოაჩინეს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„აშკარაა, რომ ძმები დარდენებისთვის დამახასიათებელი თვითმყოფადობა უნიკალურ კინოს ქმნის…დაე, ანათებდნენ ძმები! –  “ განაცხადა ემილი დექუენემ.

ძმებმა დარდენებმა კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო, ორჯერ მიიღეს. ეს დუეტი იმ კინორეჟისრების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კინოხელოვნების ისტორიას ქმნიან.  ლიონის კინოფესტივალზე დარბაზი ძმებს მათი თანამემამულის, ჟაკ ბრელის, სიმღერითა და  ოვაციით შეეგებნენ. ასეთმა შეხვედრამ დარდენები ისეე ააღელვა, რომ ცრემლები ვერ დამალეს.

ძმებ ლუმიერების კინოფესტივალის მთავარი პრიზი რაღაცით ნობელის ჯილდოს ჰგავს, რომელიც კინოხელოვნებისთვის არ გაიცემა. კინოფესტივალის გამარჯვებულებმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გაამხილეს, თუ რა აკავშირებთ კინემატოგრაფის დამფუძნებლებთან და რატომ არის ლუმიერების  ჯილდო საპატიო…

„ეს ჯილდო ქალაქ ლიონში გადმოგვეცა, იქ, სადაც კინო შეიქმნა. ჯილდო ლუმიერების  ინსტიტუტმა გადმოგვცა. ლუმიერებიც  ძმები იყვნენ და ჩვენც ძმები ვართ, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელია. ამიტომ ძალაუნებურად გარკვეულ ნათესაურ კავშირს ვხედავ  ძმებ ლუმიერებსა და ჩვენ შორის, “ – ამბობს ჟან-პიერ დარდენე.

„ ეს დიდებული ჯილდოა, რადგან უნიკალურია. ამას ორჯერ ვერ მიიღებ. სხვა ჯილდო შეიძლება ორჯერ მიიღო, მაგრამ ლუმიერების ჯილდო  – არა,“ – ასე ფიქრობს ლუკ დარდენე.

ბელგიელი კინორეჟისორების დუეტი ყოველთვის რეალობას ასახავდა. მათი გმირები ხშირად ცხოვრებისგან გარიყული ადამიანები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ძმები დარდენების ბოლო ფილმი, „ახალგაზრდა აჰმედი“, რომელმაც 2019 წელს კანის კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა, ერთგვარი წინათგრძნობა გამოდგა.   ამ ფილმის გმირი რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდა მუსლიმია, რომელმაც მასწავლებლის დანით მოკვლა სცადა…ეს სცენარი თითქოს პასუხია იმ მასწავლებლის ტერორისტულ მკვლელობაზე, რომელმაც ახლახან საფრანგეთი შეძრა…

ძმებ ლუმიერების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ის 23 ფილმიც, რომლებიც  კანის წლევანდელმა ფესტივალმა შეარჩია. კანის ფესტივალი პანდემიის გამო გაუქმდა, თუმცა აქ შერჩეულ ფილმებს სხვა ფესტივალებზე აჩვენებენ.  კანის ფილმების სიიდან აჩვენეს ტომას ვინტერბერგის ფილმი –  „მეორე წრეც“, რომელმაც სულ ახლახან სან სებასტიანისა და ლონდონის კინოფესტივალების  ჯილდოები მოიპოვა.

ტომას ვინტერბრეგის მოსაზრებით, ლუმიერების კინოფესტივალის ჩატარება პანდემიის პირობებში ძალიან გაბედული და კარგი ნაბიჯია, რაც ფესტივალის ორგანიზატორს,  ლუმიერების ინსტიტუტისა და ლუმიერების კინოფესტივალის  დირექტორის ტიერე ფრემოს დამსახურებაა.

„ეს ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ხალხი საკუთარი ტახტის უკან იმალება. ტიერე ფრემო  ცდილობს, ხალხი თეატრში დააბრუნოს და აქ ერთად განიცადონ სიბნელე. შეიძლება, ამას  უფრო მეტ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ ეს ყველაფერი ლუმიერების ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი დაიწყო…,“ – განაცხადა ტომას ვინტერბერგი.

მართალია, ლუმიერების კინოფესტივალი კინემატოგრაფის ფესვებზე დგას, მაგრამ მომავალს იმედით უცქერს… ისევე, როგორც ფრანგი კინორეჟისორის  შარლენ ფავიეს „სლალომი“ – ეს ფილმიც კანში შერჩეული ფილმების სიიდან არის. შარლენ ფავიე კმაყოფილებას ვერ მალავს:

„უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ტიერე ფრემო გირეკავს და გეუბნება, რომ ფესტივალისთვის შეგარჩიეს.  პირველი ფილმისთვის ეს უბრალოდ გადასარევი შედეგია. ..ამან თითქოს  გარკვეული ლეგიტიმური სტატუსი მოგვანიჭა.“

„სლალომი“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმია და სპორტის სფეროში   სექსუალურ შევიწროებაზე მოგვითხრობს. სცენარი რამდენიმე წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ეგრეთ წოდებული „მეც მსხვერპლი ვარ“ [#MeToo] მოძრაობა  დაიწყებოდა. ფილმში მთავარ როლს  ჯერემი რენიე ასრულებს, რომელიც, სხვათა შორის, ძმებმა დარდენებმა აღმოაჩინეს.

ბელგიელმა ძმებმა არც ფესტივალის ტრადიცია დაარღვიეს და ძმებ ლუმიერების პირველი ფილმის  გადასაღებ მოედანზე გადაიღეს სცენა  ფილმისთვის „როზეტა“, რომელშიც ემილი დექუენე მოპედის უკანა სკამზე ამხედრებული ტოვებს  მოედანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend