მთავარი COVID-19 "მოშინაურებული" ვირუსი - რეკომენდაციები კოვიდინეფქციის ბინაზე მკურნალობისთვის

“მოშინაურებული” ვირუსი – რეკომენდაციები კოვიდინეფქციის ბინაზე მკურნალობისთვის

ავტორი: ანანო ღუდუშაური
ევროპისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა, საქართველოში  სულ ცოტა ხნის წინ დაინერგა. შინ დარჩენილ ინფიცირებულებს მედიკოსები რეკომენდაციებს აძლევენ და ურჩევენ, ექიმთან დისტანციური კონტაქტიც შეინარჩუნონ.

ნატკა ხონელიძეს კორონავირუსი 5 დღის წინ დაუდასტურდა. ის ერთ-ერთია იმ კოვიდინფიცირებულთა შორის, რომლებიც სახლებში მკურნალობენ. მის ოჯახში კიდევ ორი ინფიცირებულია, მათ შორის ორწლინახევრის ბავშვი.

„ბავშვს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. უბრალოდ უხასიათოდ არის და სტრესი აქვს, რადგან  მთელი დღე სახლში ვართ. მე მაქვს სიმპტომები. ვერც გემოს ვგრძნობ და ვერც სუნს. ყველანაირი შეგრძნება დაკარგული მაქვს. მტკივა თავი, შუბლის არეში. ასევე ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი ცხვირის წვა და საერთო სისუსტე მაქვს. ოჯახის ექიმმა ორჯერ დაგვირეკა და რეკომენდაციები მოგვცა. ჩვენ არ გვაქვს რთული სიმპტომები, ამიტომ ექიმმა გვირჩია, რომ დღის განმავლობაში ბევრი სითხე მივიღოთ, ბევრი ვიმოძრაოთ და ვიტამინები მივიღოთ,“- ამბობს კოვიდინფიცირებული ნატკა ხონელიძე.

კოვიდინფექციის ერთ-ერთი მთავარი გართულება თრომბოემბოლიის წარმოქმნაა, ამიტომ ექიმები პაციენტებს ურჩევენ, რომ ბინაზე მკურნალობის დროსაც კი ბევრი იმოძრაონ. მნიშვნელოვანია ფილტვების ვენტილაცია. ამისთვის რეკომენდებულია ორ საათში ერთხელ ოთახის განიავება და საათში ერთხელ ერთი ბუშტის გაბერვა. რეკომენდაციების სიაშია სხეულის ტემპერატურის დღეში მინიმუმ სამჯერ შემოწმება და ბევრი სითხის მიღება.

„კორონავირუსი ხშირად რთულდება თრომბოლიზით, ამიტომ მოძრაობა და მსუბუქი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ინფიცირებულმა უნდა მიიღოს ბალანსირებული საკვები: ხილი, ბოსტნეული, ცილა. ამ დროს აუცილებელია კარგი და სწორი კვება, არ შეიძლება შიმშილი და დიეტაზე ყოფნა,“ ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

პანდემია სტრესთან არის დაკავშირებული. ინფიცირებულთათვის სახლში, ექიმების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენა კი შესაძლოა, უფრო ტრავმულიც იყოს.

„თუ ინფიცირებულები საკმარისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან, მაგალითად, კონტაქტი აქვთ პირად ექიმთან, იღებენ სატელეფონო კონსულტაციას, ან სამედიცინო ბრიგადები მიდიან, აკვირდებიან მკურნალობის პროცესს და პერიოდულად გადაჰყავთ შემოწმებაზე –  ამ შემთხვევაში ინფიცირებულებს დაცულობის შეგრძნება უჩნდებათ და მათთვის სტრესული აღარ არის სახლში მკურნალობა,“- ამბობს ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 7000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანთა 99 პროცენტი ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდება.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი